ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა დევნილებს საკვებით ან 100 ლარით დაეხმარება

1425

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად იწყებს საკვები პროდუქტების შეტანას. ის დევნილები კი, რომლებიც დასახლებაში არ ცხოვრობენ, უწყებისგან ერთჯერად, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, საშუალება აქვთ სასურსათო კალათის ნაცვლად მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

როგორც ცნობილია, ერთჯერადი დახმარების მისაღებად, იმ ოჯახებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, 2020 წლის 30 მარტიდან ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ განცხადება და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eredvismunicipaliteti@yahoo.com

100 ლარის მისაღებად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს:

1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

3) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

უწყება დამატებითი კითხვების შემთხვევაში ასევე ავრცელებს ტელეფონის ნომრებს:

595 33 94 00
598 00 44 84

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.