მარნეულის სოფელ კირაჩ მუღანლოში მოსახლეობას პური უფასოდ დაურიგეს

655

დღეს, 30 მარტს, სოფელ კირაჩ მუღანლოში კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო მუჰამედალი ფერეჯოვმა და აგილ მუსაევმა მოსახლეობას 500-მდე პური დაურიგა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მუჰამედალი ფერეჯოვი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გამო მოსახლოება სახლებშია ჩაკეტილი და შემოსავალს ვეღარ იღებენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მან და მისმა მეგობარმა კირაჩ მუღანლოელების დახმარება.

ამბობს, რომ პურის დარიგების აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.