ვინ მიიღებს დახმარებას მარნეულში – მერის განმარტება

581

წინა სტატია

დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ზაურ დარგალმა ახსნა, თუ რა ნიშნით შეარჩია მარნეულის მერიამ ადამიანები, ვისაც სურსათით დაეხმარებიან. ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს.

საუბარია ძირითადად მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც სახლიდან გასვლა არ შეუძლია და სოციალურად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნდა.

„ჩვენ ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს, ვისაც არააქვს შესაძლებლობა რომ გავიდნენ სახლებიდან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომელთა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუქმებულია და არსებულ ვითარებაში რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური და მცირე, ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც იძულებით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება და დღემდე, უკვე 1 345-მა ოჯახმა მიიღო აღნიშნული დახმარება“, – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა.

მერია მოსახლეობის დახმარებას ამ სიის მიხედვით გააგრძელებს.

ზაურ დარგალი დღეს დილით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის შეკრების ფაქტსაც შეეხო და თქვა, რომ პირები, ვინც ადგილობრივებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან და ეუბნებიან, რომ ყველას შეუძლია დახმარების მიღება, დამნაშავეები არიან.

მერმა დეზინფორმაციის გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პარტიული ქულების მოგროვებისთვის იყენებენ.

„ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ამ მიმართულებით,“ – განაცხადა დარგალმა.

დღეს მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მერიამ სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დარიგება დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ.

ისინი ამბობდნენ, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

მარნეულის მერმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის მიერ გაცემული დახმარებები ყველა მარნეულელს გადაეცემა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ დროსთვის მარნეულის მერიასთან აქცია დასრულებულია.

მარნეულის მერიამ მიიღო დადგენილება, სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყენებაზე. ამ ეტაპზე 1 345 მარნეულელს დახმარება სწორედ ამ თანხით გაუწიეს. მოქალაქეებს ურიგებენ ფქვილს, ზეთს, მაკარონს, ბრინჯს, წიწიბურას, შაქარს და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტს. ხარჯს მერია კრანტინის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.