ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ორ მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა

534

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რაც ზუგდიდის თემის ბიუჯეტის მოცულობაზეც აისახა. ის ორი მილიონ 179 300 ლარით გაიზარდა და შეადგენს 27 მილიონ 344 100 ლარს, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 25 164 800 ლარისა.

კერძოდ, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ნანი მიქენაიას განმარტებით, ცალკეულ პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების გათვალისწინებით, გამოთავისუფლდა 99,6 ათასი ლარი.

მისივე თქმით, რუხის თავისუფალი ტერიტორიის ზონაზე უნდა განხორციელებულიყო პარკინგის მოწყობის სამუშაოები, თუმცა ასე არ მოხდა ობიექტური მიზეზის გამო, რადგან აქ მაღალი ძაბვის დენი გადიოდა.

„აქედან გამოთვისუფლდა 600 ათასი ლარი. სამაგიეროდ, მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ 145 ათასი ლარი გამოიყო, ახალი პროექტებისთვის“, – აღნიშნა გამგეობის წარმომადგენელმა.

კერძოდ:

ახალაბასთუმანში ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის 161 ათასი ლარი.

სოფელ ოქტომბერში ცენტრიდან ყოფილ პროფტექნიკურ სასწავლებლამდე, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე ტერიტორიის აღსადგენად 171 ათასი.

ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზისთვის 223 ათასი.

ნაცატუში, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე ასევე საავტომობილო გზის შეკეთება – 180 600 ლარი.

ცაიშსა და ცაცხვში საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია – 176 400 ლარი.

ჭკადუაშში გზის შეკეთების მეორე ეტაპისთვის 146 500 ლარი.

ოფაჩხაფუში ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე ასევე გზის რეკონსტრუქცია – 160 200 ლარი.

ამავე სოფელში, ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე გზის აღდგენა – 200 ათასი ლარი.

კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მესამე ეტაპისთვის 600 ათასი გამოიყო.

127 ათასი ლარი მოხმარდება ინგირში გზის რეკონსტრუქციას.

კორცხელში კი, წყალმომარაგების დამატებითი სამუსაოების წარმოებისთვის 45 ათასი ლარი განისაზღვრა.

„ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები დადებითად გამოიყურება, რამაც შესაძლებლობა მოგვცა საკუთარი შემოსავლები გაგვეზარდა 340 ათასი ლარით“, – აღნიშნა ნანი მიქენაიამ.

მოცემული თანხა დაიხარჯება შემდეგი მიმართულებით – 140 ათასი სკოლამდელი დაწესებულებებების სუბსიდირებისთვის, 30 ათასი ლარი #2 სამუსიკო სკოლის სუბსიდირებისთვის, 170 ათასი კი მუნიციპალიტეტის დასუფთავების პროგრამისთვის.

ბიუჯეტში შიდა ცვლილებებიც განხორციელდა.

პროექტით წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. 100 ათასი ლარით საკრებულოში, გამგეობაში კი 52 ათასით. შემცირდა მუნიციპალიტეტის აქტივების შესანახი ასიგნება – 130 თასი ლარით.

აღნიშნული თანხა მოხმარდება – 100 ათასი – კეთილმოწყობის ღონისძიებებს, 80 ათასი სპორტის განვითარებას, 50 ათასი ბიბლიოთეკის ხელშეწყობის პროგრამას, 20 ათასი მუზეუმის ხელშეწყობის პროგრამას, 30 ათასი ლარი სასაფლაოების არაფინანსური აქტივებისთვის განისაზღვრა, ორი ათასი კი კულტურული ღონისძიებების, კერძოდ სოფლის ფოტოკონკურსისთვის.

წყარო: ლაივპრესი