თბილისის მერია: მშვიდობის ხიდზე დასუფთავების სამუშაოები ტარდება

719

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს.

თბილისის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება.

გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

მერიაში განმარტავენ, რომ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.