მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსზე 77 პირს აკვირდებიან

984

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსი არ გამოვლენილა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალება „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 77 ადამიანია. მათგან, ცხინვალის რესპუბლიკური ცენტრის ინფექციური განყოფილების ექიმები 9 პაციენტს აკვირდებიან, სამი კი ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

მისი თქმით, მთლიანად, „რესპუბლიკაში“ სტაციონარულ პირობებში იმყოფება 11 ადამიანი და 66 ადამიანს სახლის პირობებში აკვირდებიან.

2020 წლის 28 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდა.

კორონავისუსის გამო ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთშიც გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.