სურამში დამატებით 1000 ადამიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

674

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებენ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალქის მერთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

„რეგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაფეტვარიძემ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სურამში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო, წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

„პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, დამატებით 1000 ადგილობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება“,- აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.