მოწერელია: ეს არ არის სამეგრელოს კარანტინის ზონად გამოცხადება, არც კომენდანტის საათი

495

“ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი,” – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამეგრელოში გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მოწერელიას თქმით, სამეგრელოს შემთხვევაში, ქვეყნის სხვა ნაწილთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

“მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამაგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“,” – თქვა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

ზუგდიდში ჯერ ერთი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა ელოდებიან რაოდენობის ზრდას.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.