24 საათში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

1008

დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

„მკაცრი მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული პირი და 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მიკროაქვტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაზე დაჯარიმდა 13 მოქალაქე“, – განაცხადა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.