ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. ცხელების ცენტრები იმუშავებს

733

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს. მისი თქმით, დღეისათვის ისინი უკვე გახსნილია კახეთში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად სწორედ “ცხელების ცენტრების” გახსნა განიხილებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და COVID-19-ის საინფორმაციო გვერდზე.

“დღეისათვის მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი”, – განაცხადა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ „ცხელების ცენტრების“ ჩამონათვალი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

აღნიშნული ცენტრები ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში გაიხსნება და იქ განთავსდებიან მოქალაქეები, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.