ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა ძირითადი მსხვილი სურსათის მარკეტი მომარაგებულია

441

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გუშინ, საველე ჰოსპიტალში 8 ადამიანი ელოდა კორონავირუსზე პასუხს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სურსათის დეფიციტი არ არის და ყველა სავაჭრო დაწესებულება პროდუქტით მომარაგებულია.

„ყველა ძირითადი მსხვილი სურსათის მარკეტი მომარაგებულია, ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად მომარაგებულია. 40 ტონა ბურღულეულზე ხელშეკრულება დღეს იდება. გუშინ და წინა დღეებში პერიოდულად ეს შევსებები იყო და არსად დეფიციტი არ არის. საველე ჰოსპიტალში გუშინ 8 ადამიანი იყო, პასუხს ელოდა და უარყოფითია ყველგან. საველე ჰოსპიტალის დღევანდელი დატვირთულობა ჩვეულ რეჟიმშია, არავითარი რიგები და ზედმეტი კონცენტრაცია არ არის“,- აცხადებს რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.