კორონავირუსმა მარნეულის სოფელი ხიხანი მშიერი დატოვა

81

ახალი კორონაირუსის გამო ჩაკეტილ მარნეულში ხალხის სოციალური პირობები კიდევ უფრო დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაიკეტა და ბაზარები დაცარიელდა, სოფლის მოსახლეობას აღარც დღიურ სამუშაოზე და გასამრჯელოზე მიუწვდება ხელი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

28 წლის ნათია ბერიძე მარტოხელა დედაა. შვილთან ერთად სოფელ ხიხანში ცხოვრობს. თვიდან-თვემდე თავი მხოლოდ სოციალური დახმარებით გააქვს. კორონავირუსის გამო, მარნეულის ჩაკეტვამდეც ძალიან გაუჭირდათ, ახლა კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

“სამი თვეა ყელი მტკივა, მაგრამ ექიმთანაც ვერ მივედი, უფულობის გამო. 8 წლის შვილი მყავს და ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ. არც მედიკამენტები მაქვს და არც საკვები პროდუქტი. ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა“.

ნათია და მისი მცირეწლოვანი შვილი მარნეულის მერიის სოციალურ პროგრამაში ჯერ ვერ მოხვდნენ. მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი ჯგუფის 100 ოჯახს სხვადასხვა სახის სურსათი დაურიგა. თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ხიხანშიც იყვნენ, თუმცა ადგილობრივების თქმით, კალათა მხოლოდ ოთხ ოჯახს ერგო.

ხიხანში მოსახლეობას პრობლემად ექცა მედიკამენტების შეძენაც. სოციალური სიდუხჭირის გამო, ყველა საჭირო წამალს ვერც კარანტინამდე ყიდულობდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც მარნეული ჩაკეტილია და დღიური სამუშაოც აღარ არსებობს, მოსახლეობას არა თუ მედიკამენტების, პურის ფულიც გაუჭირდა.

“რამდენიმე ხნის წინ სოფელში აქცია ჩავატარე, სოციალურად დაუცველებს ტანსაცმელი დავურიგეთ და მაშინ ხიხანში 28 სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო. ამ ოჯახების უმეტესობას შემოსავალი საერთოდ არ აქვს და მათთვის ამ პირობებში თავის გატანა და ვირუსისაგან თავდაცვა, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია. პირველ რიგში, ჩემი აზრით, მერიამ ვირუსისაგან თავის დასაცავად ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარები უნდა დაარიგოს, რაღა თქმა უნდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად“, – ამბობს ნანა გაბაიძე

მერიის წარმომადგენლებმა ნანას სოფელში მცხოვრები იმ პირების სიის შედგენა სთხოვეს, ვისაც პირველად მოხმარების პროდუქტი და ვირუსისაგან თავდაცვის საშუალებები ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე  ამბობს, რომ მერია პირველ ეტაპზე იმ მარტოხელა ადამიანებს დაეხმარა, ვისაც გადაადგილება უჭირს. რაც შეეხება მარტოხელა და სოციალურად დაუცველ დედას, ხაჩიძემ მისი საკონტაქტო მონაცემები გვთხოვა, რათა შესაბამისმა სამსახურმა მისი საჭიროება დეტალურად შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს. დაეხმარება თუ არა სოციალურდა დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათით მარნეულის მერია, ჯერ უცნობია.

24 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობა პირველადი მოხმარების პროდუქტით 100 ოჯახს დაეხმარა, თუმცა უცნობია, რა სახსრებიდან და რა თანხა გამოიყო სურსათის შესაძენად.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.