ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო

925

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

„მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში მოქალაქეების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა სოფელ ნახიდურში უკვე შეამოწმეს მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პილიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორი აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.