“სოკარ ჯორჯია გაზი” რუსთავში, გადაუხდელობის გამო, აბონენტებს გაზს უჭრის

43

“სოკარ ჯორჯია გაზის” თანაშრომლებს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო საშუალებები დაურიგდათ და მიეცათ დავალება, გადაუხდელობის შემთხვევაში ყველა აბონენტს შეუწყვიტონ ბუნებრივი აირის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმ ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობაა, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და სახლში არიან, ვერ შეძლებენ თანხის გადახდას. გარდა ამისა არ სურთ კომუნიკაცია კომპანიის თანამშრომლებთან, რომელებსაც დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.

“ესენი დაურიგეს რუსთავგაზის თანამშრომლებს და დაავალეს, რომ შევიდნენ ყველა აბონენტთან, ვისაც დავალიანებები აქვთ და უპირობოდ გაუთიშონ დღესვე გაზის მიწოდება. ეს არის დიდი დაუდევრობაა ამ კომპანიისგან. ე.ი. ეს თანამშრომლები ჯერ მოივლიან მთელს რუსთავს, კარზე დააკაკუნებენ, შევლენ სახლებში და მერე შინ დაბრუნდებიან და სახლში მიიტანენ სავარაუდოდ ვირუსს”, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მკითხველმა.

“ინფო რუსთავი” კითხვებით, შეეძლო თუ არა კომპანიას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა სახელმწიფო ხაზს უსვამს კერძო სექტორის თანადგომის აუცილებლობას, თავი შეეკავებინა აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტისაგან და რამდენად უსაფრთხოა “სოკარ ჯორჯია გაზის” თანამშრომლების კარდაკარ სიარული, კომპანიას დაუკავშირდა.

კომპანიაში განგვიცხადეს, რომ: “არ გამოცემულა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეგულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახის კომუნალური გადასახადისგან მოსახლეობა თავისუფლდება. აქედან გამომდონარე, ჩვეულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენი თანამშრომლები არცერთი აბონენტის ბინაში არ შედიან და მანამ, სანამ საგანგებო სიტუაცია იქნება ქვეყანაში გამოცხადებული, არ შევლენ. იმ აბონენტებთან, ვისაც მრიცხველი აქვს სახლში, თუ არ მოხდება საავარიო გამოძახება, თანამშრომლები არ შევლენ. ვისაც მრიცხველი აქვს გარეთ, იქ ჩვეულებრივად მოხდება გადაუხდელობის გამო გაზის ჩაჭრა”.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა  გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.