მარნეულის მერის განცხადებით, ყველა სოფლის დეზინფიცირება ეტაპობრივად მოხდება

50

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, ქუჩები სპეციალური ხსნარით მუშავდება და ყველა სოფლის დეზინფიცირება ეტაპობრივად მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სპეციალური ტექნიკა შემოსულია. პირველ რიგში, სპეციალური ხსნარებით იმ ქუჩების დეზინფიცირება მიმდინარეობს, სადაც ის 80 ადამიანი ცხოვრობს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ ქალბატონთან. ასევე იმ ქუჩების, სადაც აღნიშნული ოჯახი ცხოვრობს. პარალელურად, მოხდება მთელი მუნიციპალიტეტის, ყველა სოფლის დეზინფიცირება. ეს პროცესი დაწყებულია“,-აცხადებს დარგალი.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოჯახებში შესვლა და მოსახლეობის კვლევა. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, საველე ჰოსპიტალს 46-მა ადამიანმა მიმართა და კორონავირუსზე ყველას შედეგი უარყოფითია.

„ბოლო მონაცემებით, 20 ათასზე მეტი ადამიანი უკვე შემოწმებულია. გვყავდა სულ 25 სიცხიანი ადამიანი, აქედან ორი იყო საეჭვო, სხვა კლინიკური მაჩვენებელიც ჰქონდათ, თუმცა ორივე შემოწმებულია და სხვა სეზონურ დაავადებას უკავშირდება.

სურსათის არანაირი დეფიციტი არ არსებობს, მუდმივად მარაგდება. ასევე, ჩვენი მოხალისეები შედიან იმ ოჯახებში, სადაც სურსათის პრობლემაა და სოციალურად დაუცველი ოჯახი სახლიდან ვერ გამოდის.

მუდმივად მიმდინარეობს იმ ადამიანების მონიტორინგი, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა მერმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ისე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.