სუბარი: ქურთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოფელ შაუმიანში მცხოვრებ დევნილებს სურსათს ჩაუტანენ

557

პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქურთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოფელ შაუმიანში მცხოვრებ დევნილებს სურსათს ჩაუტანენ.

მისივე განმარტებით, დევნილები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი ინივიატივა გააჟღერა ქურთის მუნიციპალიტეტმა. დევნილები ცხოვრობენ სოფელ შაუმიანში და ქურთის მუნიციპალიტეტი აპირებს, დღეს ან ხვალ, როგორც მოახერხებს მენეჯმენტი, ჩაიტანოს იქ სურსათი დევნილებისთვის. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა, ამ შემთხვევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერის მრჩეველმა ასევე განმარტა, რომ რეგიონებს, საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ. მისი თქმით, ყველა პრობლემაზე მთავრობა დროულად რეაგირებს.

„ლევან დავითაშვილთან ერთად ვართ ყოველწუთიერ კონტაქტზე. დღესაც ერთად მივდივართ მარნეულ-ბოლნისში საკარანტინო ზონაში. ამის პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა, როდესაც ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, ცხადია, ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს მომენტი, რომ რომელიმე კონკრეტულ სოფელში რაღაც პროდუქტი უცებ შეიძლება გათავდეს, მაგრამ ასეთი სიგნალი როგორც კი შემოდის, მაშინვე ვაძლევთ პასუხს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ისე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.