ბოლნისსა და მარნეულს დღეს დეზინფექცია ჩაუტარდება

548

შემდეგი სტატია

დღეს ბოლნისსა და მარნეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის საშუალებით დეზინფექცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იქნას აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა. აქვე გეტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დღეიდან უკვე დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია, ასევე, ისეთი ადგილებიც, რომელიც საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც მარნეულსა და ბოლნისში, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის აუცილებელი სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

„აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, რომელიც დღეს აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში და გეტყვით, რომ ყველა ადამიანს ბოლნისისა და მარნეულის რაიონში, ვისაც დახმარება სჭირდება, სურსათ-სანოვაგე ან ნებისმიერი სხვა საშუალება მიეწოდება მოხალისეების მეშვეობით,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში შემოწმებულ 20 ათასზე მეტი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.