თავდაცვის ძალებმა მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაამკაცრა

596

საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს.

თავდაცვის სამინისტროდან ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ღამის განათების ძლიერი სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

„მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.