თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

58

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად თელავში ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოციალური მიმართულებით მუშაობას, რომ სასურსათო კალათების სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილება დროულად და ეფექტურად მოხდეს.

დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათა 182 ოჯახს გადაეცა, მათ შორის შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.