თურნავა: ადგილობრივი წარმოების პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს დაურიგდებათ

47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან – მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ. ასევე სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები – ჩვენ უკვე შევისწავლეთ საჭიროება და მათაც მივაწვდით კომპანიებთან შეთანხმებით.

ეს წრე თანდათან გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ნედლეულის უწყვეტი და გარანტირებული მიწოდების პირობებში ჩვენ პირბადეები უკვე გაყიდვაშიც გავცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ნედლეულის მოწოდება დოზირებულია და მუდმივ გადამოწმებას და დადასტურებას საჭიროებს, ჩვენ ამას თავად ვანაწილებთ, ცნობილი საჯარო პრიორიტეტების მიხედვით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.