მთავრობა მუშაობს მათი დახმარების პროგრამაზე, ვინც კორონავირუსის გამო სამუშაოს დაკარგავს

421

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილს დაკარგავენ.

მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამის კიდევ ერთი მთავარი მიზანი იმ ბიზნესების დახმარება იქნება, ვინც სანაცვლოდ დასაქმებულთა შენარჩუნებას შეძლებენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოვწეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე. ჩვენი მთავარი ობიექტია ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და დაკარგავენ მას, რადგან, რა თქმა უნდა, გაუჭირდა კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევამციროთ, მაგრამ იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია ეს ზოგადად მსოფლიოში და საქართველა არის მსოფლიოს ნაწილი, რომ იქნება რაღაც ნაწილი ადამიანების, ვინც დაკარგავს სწორედ კორონავირუსის ნეგატური ზემოქმედების შედეგად, სამუშაო ადგილს. მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. ჩვენ ვმუშაობთ და ალბათ, ამ დღეებში ცნობილი გახდება საჯაროდ ეს პროგრამა. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარების და გვერდში დგომის ობიექტი არის ის ბიზნესები, რომლებიც შეინარჩუნებენ ამ დახმარების შედეგად სამუშაო ადგილებს და მეორე მიმართულება არის იმ ადამიანებსა და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად ამ მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაოს. ეს ორი მიმართულება იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.