ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის

861

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის. სკამების შესასყიდად მერია აუქციონის გარეშე ტენდერს აცხადებს.

ტენდერის პირობების თანახმად, მერიას თითო სკამის შეძენა დამონტაჟება 363 ლარი დაუჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 29 მარტს დაიწყება და 1 აპრილს დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 3 600 ლარი, ხოლო გარანტიის ოდენობა 1 815 ლარია, გარანტიის მოქმედების ვადა კი 160 დღე.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს 60 ძელსკამების შეძენა-მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე, ხოლო დანარჩენი ძელსკამების შეძენა-მონტაჟი უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნილი რაოდენობიდან გამომდინარე, არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე.

მიმწოდებელი ვალდებულია ძელსკამების შეძენა-მონტაჟი სრულად უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი, ასევე, ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში შეუთანხმოს შემსყიდველს ძელსკამების ესკიზი/ნიმუში.

“ძელსკამების შეძენა-მონტაჟი უნდა განახორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით“, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.