საქართველოში დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა

701

საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, – განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.