თურნავა: ეკონომიკურ გუნდს დავალებული გვაქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში

476

საგანგებო კარანტინის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე ჩერდება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან , – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლომდე მთავრო​ბის ეკონომიკური ბლოკი წარადგენს ჩამონათვალს, თუ რომელ საწარმოებს შეეძლებათ ფუნქციონირება განაგრძონ.

„ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას. ამთავითვე, შემიძლია, გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება. ფუნქციონირებას ასევე გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, მათ შორის, წიაღის მოპოვება-გადამუშვებასთან დაკავშირებული საწარმოები. რა თქმა უნდა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას და უფრო დეტალური ჩამონათვალი გვექნება ჩვენ დღეს და ეს გამოქვეყნდება. ასევე, არანაირი შეფერხება არ ექნება რა თქმა უნდა, მედიცინას, კავშირგაბმულობას და როგორც მოგახსენეთ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან, რაც არის დაკავშირებული.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ამ ორ მუნიციპალიტეტში პრევენციული და შესაძლო ინფიცირებული შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებული სამუშოები , ხელშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშოებზე პრობლემა არ შეექმნებათ. ამასთან, სუბარის თქმით, შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეული ადამიანს შეამოწმებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.