“საქმე სერიოზულია და სერიოზულობიდან გამომდინარე ჩვენ ცოტა მკაცრ ზომებსაც ვიღებთ“ – მარნეულის მერი საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტაზე

368

17 მარტს მარნეულის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მოძრავმა ყველა სახის საჯარო ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოხდა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ქალაქ თბილისის მერიასაც. თბილისში მოძრაობა მხოლოდ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა არ შეწყვიტა.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ რატომ არ გაითვალისწინა მარნეულის მერიამ თბილისის გამოცდილება და რატომ შეწყვიტა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება ზაურ დარგალმა გვიპასუხა, რომ მარნეულის მერიის ბალანსზე არსებული ავტობუსები ცუდ მდგომარეობაში არიან და მძღოლებსა და მგზავრებს შორის დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არავინ არ გამოვიდეს სახლებიდან. საქმე სერიოზულია და სერიოზულობიდან გამომდინარე ჩვენ ცოტა მკაცრ ზომებსაც ვიღებთ“ – გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმ მოსახლეობას, ვისაც კერძო ტრანსპორტი არ ჰყავს, მაგრამ სამსახურში სიარული მაინც უწევს მარნეულის მერიისათვის მიმართვა შეეძლებათ და მერია, რწმუნებულების ჩართულობით, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„მსჯელობა ჯერ არ გვქონია ამაზე, თუ ვინმეს, კონკრეტულ ადამიანებს, შეექმნათ პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ მოგვმართონ. დღეს მექნება ამ საკითხზე მსჯელობა მერიაში. თუ ვინმეს შეუძლია, რომ დისტანციურად იმუშაოს, მაგრამ დამსაქმებელი ამის უფლებას არ აძლევს, ამასაც განვიხილავთ დამსაქმებელთან,“ – აღნიშნა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტა მოქალაქეების უსაფრთხოების გამო ხდება და ეს გადაწყვეტილება ვინმეს პირადი კომფორტის შეზღუდვის გამო არაა მიღებული.

არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ორი კვირით შეჩერდა.