ნათია თურნავა: კომუნალური გადასახდების გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება

60

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომუნალური გადასახდების შესაძლო გადავადებაზე ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობას კარგად ესმის, რომ ბევრ მოქალაქეს ფინანსური პრობლემა შეექმნა და ყველანაირად ცდილობს ბიზნესისთვის ვითარების შემსუბუქებას, რათა მათი თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხონ. თუმცა ამ ეტაპზე კომუნალური გადასახდების გადავადება არ იგეგმება.

„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებლები, იქნება ეს „თელასი“, „ენერგოპრო“ თუ „თბილისი ენერჯი“, ეს არის კერძო კომპანიები. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება, არ დგას“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.