გურჯაანის მერია საცხოვრებელი კორპუსების სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს

43

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გურჯაანში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადეზინფექციო საშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში მარაგდებიან სამარშუტო და კერძო ტაქსების მძღოლები, რათა რეგულარურად მოახდინონ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია, რასაც კონტროლს უწევს მერიის ზედამხედველობის სამსახური.

ვირუსის პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გადავიდა დისტანციური შრომის რეჟიმზე, რაც, რა თქმა უნდა, არ აისახება იმ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მოქალაქეების სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს ეხება.

“როგორც იცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გასულ კვირას დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ადგილზე მუშაობენ მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დავალებები პროგრამულად აქვთ შესასრულებელი.

რამდენიმე დღის წინ დასრულდა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დეზინფექცია, რაც სასწავლო პროცესის დაწყებამდე განმეორდება. ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია მერიის ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს დღეებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია. ვისარგებლებ შემთხვევით, და მადლობას გადავუხდი ახალგაზრდებს, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. მათთან დღეს ონლაინ კომუნიკაცია მქონდა. ამ ახალგაზრდებს სურთ მოხალისეობრივად ჩაერთონ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში, რაც ძალიან დასაფასებელია. მათ ჩვენი გეგმები გავაცანი და მათი მხრიდან საინტერესო ინიციატივებიც მოვისმინე. ახალგაზრდები მზად არიან გვერდით დაგვიდგნენ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტების გადაცემაში. ასევე მოხუცებისთვის მედიკამენტების ადგილზე მიტანასა და საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ხვალიდან, კვირაში ერთხელ, გურჯაანელები საინფორმაციო ესემეს შეტყობინებას მიიღებენ ვირუსის პრევენციის შესახებ. ასევე, ამ ახალგაზრდებთან ერთად ვიწყებთ საინფორმაციო პოსტერების გავრცელებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით “, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

როგორც გურჯაანის მერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ნამდვილად არ არსებობს პანიკის საფუძველი, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფუნქიონირებს ცხელი ხაზი: 0 353 220 004.