2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

644

2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

ჯიშთა გამოცდის 10 სადგურიდან ერთ-ერთი ახალქალაქში მდებარეობს, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იური ნოზაძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს. ჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთი 144 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშთა გამოცდა და თესლის გამოყვანა/წარმოება ხორციელდება. რაც შეეხება ხორბლისა და სოიოს სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აქ ჯიშთა 3-წლიანი გამოცდა წარმატებით დასრულდა. ამ ჯიშებით, საქართველოს მასშტაბით, 1 ჰექტარზე, საშუალოდ, შესაძლებელია, სულ მცირე, 5 ტონა სოიოს და 4 ტონა ხორბლის მოყვანა.

მარცვლეულის ლოგისტიკურმა კომპანიამ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჯიშთა გამოცდა 4 წლის წინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 3 000 ჰექტრის უზრუნველსაყოფად აქვს გაცემული სათესლე მასალა.

წყარო: იმედინიუსი