ბორჯომში ახალი საპილოტე პროექტის – “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების ახალი ეტაპი იწყება

912

ბორჯომში, ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების ახალი ეტაპი იწყება. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გუშინ დასრულდა, დღეიდან კი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა მუნიციპალიტეტის შენობაში შესაბამის სამსახურებთან ერთად მოხდება.

„თვის ბოლომდე კონკრეტული დასახლებიდან ავტორები წამოადგენენ საკუთარ წინადადებებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ. მათგან ყველაზე პრიორიტეტული პროექტები აირჩევა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ საჭირო რეკომენდაციებს მიაწვდიან. აღნიშნული ეტაპის შემდეგ, აგვისტოს თვეში დაიწყება უკვე შერჩეული პრიორიტეტების პროექტირება“, – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება ბორჯომში 2 კვირის წინ დაიწყო და მისი მიზანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესებში მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე პროექტის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის 6 ზონაში ადგილობრივებს პროექტის მიზნები და ძირითადი აქცენტები გააცნეს.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ ნოემბრის თვეში დასრულდება, რა დროსაც პროექტებისა და გეგმების ასახვა 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი