რუსთავიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილი გაიფიცა

744

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დღეს დილიდან ხაზზე სამუშაოდ არ გავიდნენ.

მძღოლები გაფიცვის მიზეზად მგზავრთა ნაკადის სიმცირესა და მაღალ გადასახადს ასახელებენ.

მათი განმარტებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, მგზავრების რაოდენობამ  იკლო. ამიტომ ყოველდღიური გადასახადის 70 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას ითხოვენ.

კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან.

რაც შეეხება მგზავრებს, კომპანიამ სხვა ალტერნატიულ ხაზებზე სამარშრუტო ტაქსები დაამატა, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.

„მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. მოგეხსენებათ, ე.წ. ალდაგის მარშრუტზე მომუშავე მძღოლების ნაწილმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკლოთ გეგმიური შენატანისთვის. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არც ერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია“ ,- განაცხადა „ინტერტრანსის“ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ.