სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა

1054

სამგორის გამგეობა რაიონში, სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. 

სამგორის გამგების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები, სკამები და ურნები.

“ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყობა განათების სისტემა. გასულ წელს სკვერის მიმდებარედ  მოეწყო კალათბურთის მოედანიც. ამჟამად, სკეიტ მოედნის მოწყობა მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი-2005“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 777 810 ლარია.