ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლა ორშაბათიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის

686

ზუგდიდში მოქმედი ერთ-ერთი სკოლა ორშაბათიდან ონლაინ რეჟმში იმუშავებს. აქ პედაგოგები მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს შესთავაზებენ და ინტერაქაციაც, დავალებების შესრულებაც ონლაინ იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჯიჯი გიმნაზიის დირექტორი ნინო ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მიიღეს, იმისთვის, რომ გახანგრძლივებული არდადეგები ბავშვებმა ეფექტურად გამოიყენონ და თავი იზოლირებულად არ იგრძნონ. მისივე თქმით, მუშაობის მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონდათ, იყენებდნენ სხვადასხვა პლატფორმას და ამ შემთხვევაშიც, ამ პლატფორმებს მასწავლებელთა მიერ მომზადებული ონლაინ პაკეტები დაემატება.

ნინო ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამისთვის ყველანაირი პირობა აქვთ – როგორც საჭირო ტექნიკა, უწყვეტი ინტერნეტ კავშირი, რამაც თავიდანვე გამოუმუშავა ბავშვებს ონლაინ სწავლებისთვის საჭირო უნარები. ასევე კლასები, სადაც საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, მოსწავლეთა შედარებით მცირერიცხოვანი კონტიგენტი ჰყავთ.

დირექტორის თქმით, მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ გამოწვევას და გამოთქვეს მზაობა ონლინ გაკვეთილების მოსამზადებლად.

“ჩვენ ოფიციალური პროგრამა არ გვიყიდია. ვიყენებთ იმ უფასო პროგრამებს, რომელიც გუგლს აქვს – გუგლის საკლასო ოთახის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ ინსტრუქცია, აუდიო, ვიდეო მიმართვები. ეს ინსტრუქციები ჩავუტვირთოთ, ისევე როგორც იუტუბიდან შერჩეული რესურსები. ჩვენ პირადადაც ვქმნით რესურსს. მე პირადად მაქვს ამის გამოცდილება. რამდენიმე წლის წინ შევქმენი ვიდეო რესურსი, რომელიც დისტანციური სწავლებისას გამოიყენება”, – გვითხრა ნინო ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, შეუძლიათ გამოიყენონ სკაიპი, ფეისბუკ მესენჯერი ბავშვის ასაკის, კლასის და საგნის თავისებურების მიხედვით. ამბობს, რომ ონლაინ დავალებების შესრულებას პირველკასელებიც ახერხებენ, რაც აფიქრებინებს, რომ მუშაობის ეს ფორმა ეფექტური იქნება. სკოლის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პროცესში გარკვეული ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდეს, ყველამ ერთნაირად ვერ შეძლოს ინტერაქციაში ჩართვა, მაგრამ დეტალებს დახვეწენ. პროცესის სამართავად იქმნება ერთიანი ელექტრონული ფოსტის ბაზა, რათა დისტანციურ სწავლებას ორშაბათიდან შეუდგნენ.

“დირექციას, ვინც ამ ყველაფერს მეთვალყურეობს, შეუძლია ქონდეს ფანჯარა, სადაც ჩანს, რომელი მასწავლებელი რომელ კლასთან, რა სიხშირით რა საქმიანობას ეწევა და იქიდან ბავშვები როგორ პასუხობენ”, – გვიხსნის ნინო ჭიჭინაძე და აღნიშნავს, რომ სკოლაში არ ჰყავთ ბავშვი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და შესაძლოა სამუშაო პროცესში ჩართვა ვერ შეძლოს.

სკოლის დირექტორის თქმით, თუკი არდადეგები კიდევ გახანგრძლივდება, მაშინ სხვა აქტივობებსაც მოიფიქრებენ იმისთვის, რომ სწავლება უფრო საინტერესო გახადონ.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 24-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 46.