ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

853

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.

უწყების ცნობით, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8 000 ლარს შეადგენს და მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ბაზაში http://gmus.rustaveli.org.ge;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსის გამარჯვებული 31 მარტს – საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე გამოვლინდება.