თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირებით უფასოდ სარგებლობისთვის ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამის ვებგვერდზე ან საინფორმაციო ჯიხურში უნდა დარეგისტრირდეს

1676

ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდგომი ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.

„ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა, რისთვისაც 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაცია არის გამოყოფილი. პარკირების საშვის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge) და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პარკირების საფასურის გადახდა ელექტრომობილების მფლობელებზე არ ვრცელდება და მათთვის აღნიშნული სერვისი უფასოა.

ასევე თბილისის მერის თქმით, მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეუძლიათ, სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რითაც აღნიშნული სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ  განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, ვებგვერდზე ან სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი, 15 წუთის შემდეგ (დღეში ოთხჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე), მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი ერთი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა განმარტა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდგომი ეტაპი უკვე საბურთალოს რაიონში, ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.