საათი “ეშმაკის ბორბალზე”– იდეა დედაქალაქის მერიას

844
ეშმაკის ბორბალი

პროგრამის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერს კახა კალაძე ეშმაკის ბორბალზე ისეთი საათის დამონტაჟებას სთავაზობენ, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან გამოჩნდება. იდეის ავტორის, ნიკოლოზ მეტრეველის აზრით, საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა.

“გთავაზობთ საათს “ეშმაკის ბორბალზე” რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან იქნება თვალსაჩინო, დარწმუნებული ვარ გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათიც, რომელიც, ასევე, გამოვა მარკების, სუვენირებისა და სხვადასხვა სახითაც და საკმაოდ მიმზიდველი გახდება ტურისტული კუთხითაც, შესაძლებელი იქნება აღნიშნულ საათზე ახალი წლის დადგომისას დროის ათვლაც და სხვა ბევრი კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებებისათვის გამოყენება, აღნიშნულში მოხდება მოქალაქეების ჩართულობაც (გამოკითხვა) თუნდაც გარკვეული წახალისებისა თუ ჯილდოს მიღებით კონკურსის სახით ინტერფეისის შერჩევისათვისაც და ასე შემდეგ. ამასთან, შეიძლება სახელის შერჩევაც და უამრავი იდეის განხორციელება საათთან დაკავშირებით”, – წერს იდეის ავტორი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს ნიკოლოზ მეტრეველის იდეას კი 2 582 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა განხილვის პროცესშია.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ამ ეტაპზე, 4 მიმდინარე, 365 დაბლოკილი, 2 უარყოფილი, 20 განსახილველი, 83 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.