2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ 11 მილიონ ლარამდე გახარჯა

977

შემდეგი სტატია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 10,797,168 ლარს შეადგენს, კვლევას აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკასა და  სასმელი პროდუქტების, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

მსგავსი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის თებერვალშიც გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილია ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების 2017 წლის ხარჯების შესახებ, ასევე ხარჯების მაჩვენებლები შედარებულია 2016 წლის მონაცემებთან.

ძირითადი მიგნებები:

  • 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 8,212,842 ლარი შეადგინა, რაც 1,411,749 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (6,801,093 ლარი) შედარებით;
  • ადმინისტრაციების სარგებლობაში ჯამში 81 ავტომობილია, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 521,959 ლარი დაიხარჯა;
  • სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2018-2019 წლებში 1,109,683 ლარი დახარჯეს, რაც 234,575 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (875,108 ლარი) შედარებით;
  • 2018-2019 წლებში შესყიდული საწვავის მოცულობამ 505,076 ლიტრი შეადგინა;
  • სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2018-2019 წლებში 86,993 ლარი შეადგინა, 2016-2017 წლებში კი 61,227 ლარი იყო;
  • მივლინებებზე 2018-2019 წლებში 123,495 ლარი დაიხარჯა, 2016-2017 წლებში კი 154,690 ლარი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ჯამში 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს – 51,411 ლარი, 2019 წელს კი – 35,331 ლარი). შედარებისათვის – 2017 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32,635 ლარი შეადგინა.

თანამშრომელთა რაოდენობა:

სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 267 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ცხრით მეტი – 276 ადამიანი მუშაობდა.

შრომის ანაზღაურება:

  • 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს – 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი – 4,247,692 ლარი)
  • ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს – 322,523 ლარი, 2019 წელს კი – 332,931 ლარი)
  • 2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა – 122,578 ლარი
  • 2016-2017 წლებთან შედარებით 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და პრემიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.

ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები

  • სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში, 2019 წლის მდგომარეობით სულ 81 ავტომობილია, რომელთაგან გურიის ადმინისტრაციაში 2 და ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში 1 ავტომობილი ამორტიზებულია
  • ყველაზე მეტი, 13 ავტომობილია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სარგებლობაში
  • სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2018-2019 წლებში 521,959 ლარი გაიხარჯა (2018 წელს – 269,776 ლარი, 2019 წელს კი – 252,183 ლარი)

საწვავი:

  • 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 505,076 ლიტრი საწვავი (505 ტონა) გახარჯეს (2018 წელს – 240,454 ლიტრი, 2019 წელს კი – 264,622 ლიტრი).
  • გახაჯრული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ 1,109,683 ლარი შეადგინა (2018 წელს – 526,014 ლარი, 2019 წელს კი – 583,669 ლარი)
  • სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 87,060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190,089 ლარი შეადგინა

 

სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულებს შორის კი ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (20,833 ლიტრი) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა,  ირაკლი ქადაგიშვილმა გახარჯა.

სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.

შენობები:

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან მხოლოდ ორი – მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციებია საკუთარ შენობებში განთავსებული, სხვა ადმინისტრაციები უსასყიდლოდ სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობებით.

სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებზე 2018-2019 წლებში 86,993 ლარი გაიხარჯა (2018 წელს – 39,034 ლარი, 2019 წელს კი – 47,959 ლარი). აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.

  • რაც შეეხება  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თანამშრომელთა მივლინებებს, 2018-2019 წლებში 123,495 ლარი გაიხარჯა (2018 წელს – 55,902 ლარი, 2019 წელს კი – 67,593 ლარი).
  • მივლინებებზე ყველაზე მეტი თანხა (34,259 ლარი) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა.

წარმომადგენლობითი ხარჯები:

  • სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2018-2019 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს – 51,411 ლარი, 2019 წელს კი – 35,331 ლარი)
  • წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (22,742 ლარი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა
  • აღსანიშნავია, რომ რესტორნის მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში.