ლევან ალაფიშვილი: დეპუტატები უნდა დაფიქრდნენ, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს დაძლევას

869

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მმართველი ძალა ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავს.

“დეპუტატებს რა თქმა უნდა მექანიკურად, პულტზე თითის დაჭერით შეუძლიათ ვეტოს დაძლევა, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას არჩევნების წინ, იმიტომ რომ იმ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებშიც დასჭირდებათ ამომრჩევლის მხარდაჭერა. შესაბამისად, როცა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვენ, ის მიუბრუნდება და ეტყვის, ქალაქი რომ გამიუქმე, მკითხე მე საერთოდ აზრიო? და ძალიან გაუჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას, თუ ეს გადაწყვეტილება საერთო განხილვით არ შეიცვალა”, – აღნიშნა ექსპერტმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

“როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექნიზმი, თუ როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თავის საზოგადოებას, არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დაძლევის საკითხზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს.

წყარო: ლაივპრესი