დავით უსაფაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე

867

პარლამენტს კიდევ ერთი შესაძლებობა გაუჩნდა, იმსჯელოს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე, – ასე შეაფასა პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსაფაშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტოთი “ქართულ ოცნებას” მიანიშნა იმ რეფორმებზე, რაც მათ 2013-14 წლებში დაიწყეს, თუმცა, შემდგომ უარი თქვეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ კანონმდებლები აღნიშნულ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

“პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” მიანიშნა იმ რეფორმაზე, რაც კოალიციამ 2013-14 წლებში წამოვიწყეთ. ის ცვლილებები კი, რაც ხორციელდება, არის ამ პროცესების უკან შეტრიალება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ 7 თვითმმართველ ქალაქზე, აქ საუბარია ასობით სრულფასოვანი თვითმმართველობის მქონე დასახლებულ პუნქტზე უარის თქმაზე. პარლამენტს კიდევ ერთი შესაძლებობა გაუჩნდა, იმსჯელოს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შესაბამისად, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

წყარო: ინტერპრესნიუსი