კახეთში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

96

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა.

უწყების ინფორმაციით, არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

“რეკომენდაციის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, საჯარო სკოლებში დეზინფექციის ჩატარების გამო, მივიღეთ საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები”,- აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.