აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსის პრევენციისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო

593

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსის პრევენციისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსებას მოხმარდება.

“სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად.

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები რეგიონებში. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ”, – ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.