თბილისში მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

469

მიკროავტობუსების ფარეხში განთავსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა.

„დავიწყეთ მიკროავტობუსების დეზინფექცია, ეს პროცედურა არ არის ერთჯერადი და რეგულარულად ჩატარდება. ხსნარს აქვს ერთკვირიანი მოქმედების ვადა, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს ტრანსპორტის დამუშავება“, – განაცხადა ასანიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოკროავტობუსის ყველა მძღოლს პირბადეები დაურიგდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.