სოფელ ჯუმის მოსახლეობა, სადაც 300-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, ზუგდიდის მერიას ბიბლიოთეკის გახსნას სთხოვს

192

წინა სტატია

არასამთვრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სამოქალაქო საბჭომ, რომლის ძირითადი მიზანიც სოფლად და ქალაქში არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათი ადვოკატირებაა, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ჯუმში ბიბლიოთეკის გახსნის მოთხოვნით მიმართა.

განცხადების მიხედვით, სოფელში, სადაც 300-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ბიბლიოთეკა წლებია არ ფუნქციონირებს.

მოსახლეობის მოსაზრებით, ბიბლიოთეკის განთავსება შესაძლებელია სოფლის ადმინისტრაციის შენობის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში.

“აღნიშნული ოთახი საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, ასევე, ერთგან საჭიროა სახურავის მცირედი შეკეთებაც. ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი ჩვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამავე დროს, ჩვენ – ადილობრივი მოსახლეობა გამოვთქვამთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეობრივად ჩავერთოთ ბიბლიოთეკის მოწყობის სამუშაოებში”, – ნათქვამია განცხადებაში.