გურჯაანში „გლეხური ბაზარი“ კვირას გაიხსნება, მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს

613

კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “ იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. 

„არ შევალთ იმიტომ, რომ დახლები ერთმანეთზეა მიდგმული, საქონლის დალაგება და რეალიზაცია გაჭირდება. გარდა ამისა, არ არის იმის საშუალება, რომ მანქანა შიგნით გავაჩეროთ. მანქანებიდან საქონელი მეშოკით როგორ უნდა ვეზიდოთ?! გარდა ამისა, თუ ნორმალური ვაჭრობა არ მექნება, ბაჟის გადახდა მაინც მომიწევს, რაც უკვე ხარჯი და ზარალია,“ – განაცხადეს მათ.

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ბაზარში ყველა პირობა არსებობს ვაჭრობისთვის.

„უკვე ვიყავი და მოვინახულე ბაზარი. გარემოვაჭრეების და ჩემი მხრიდანაც პირობა იყო, რომ მოწესრიგებულ ბაზარში შევიდოდნენ და ეს შევასრულეთ. როგორც ბაზრის ხელმძღვანელობამ ამიხსნა, ტერიტორია უკვე მზად არის მოვაჭრეების მისაღებად და იმაზე მეტი რაოდენობის ხალხს დაიტევს, რაც მანამდე იყო შესაძლებელი. არის აგრეთვე საპარკინგე ადგილი, სადაც შეიძლება საბითუმო ვაჭრობაც მოეწყოს. ბაზარი ყველა სანიტარულ ნორმას დააკმაყოფილებს. რაც შეხება გარემოვაჭრეებს, მათ შევხვდებით და გავესაუბრებით. ბევრჯერ გვქონდა მათთან საუბარი და ობიექტური მიზეზების გამო, ყოველთვის კომპრომისზე მივდიოდით. დღეს ეს პრობლემა უკვე არ არსებობს. ამიტომ ყველა ვალდებულია, დაიცვას სისუფთავე გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებზე,“ – ამბობს ხანდამაშვილი.

მისივე თქმით, გაფრთხილების შემდეგ, თუკი გარემოვაჭრეები მაინც არ შევლენ ბაზრის ტერიტორიაზე, მათ მიმართ შესაბამისი სანქციები განხორციელდება.