მდინარაძის თქმით, “ოცნება” მზადაა, 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს

508

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს.

საქმე ეხება ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ ამოქმედდეს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიას უფლება არ ექნება, მთავრობა დააკომპლექტოს, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს.

„ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ზოგად პრინციპებზე ისაუბრეს. შემიძლია დაგიდასტუროთ, მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს…

უახლოეს მომავალში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, რადგან საერთო პრინციპზე ფაქტობრივად, ვთანხმდებით, შეთანხმებაც შედგება, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ცალკე აღებულ 110/40- ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40%-იან ზღვართან დაკავშირებით.

“აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40%-ზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე განმარტებით, თავად არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ კონრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

27 თებერვალს ევროკავშირის ელჩის, კარკლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს – 110-40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კი ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყო.