გორის მერია ყოფილი საავადმყოფოს ავარიული შენობის დასაცავად 50 000 ლარს გადაიხდის

597

გორის მერიას, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მომსახურების შესყიდვას უტენდეროდ სურს. ამისთვის უწყება 50 000 ლარი გადახდას აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

გორის მერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით განმარტებას უგზავნის.

“გორში, ცხინვალის გზატკეცილი N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ჩამონგრეული ნაწილები მწვავედ ავარიული. შესაბამისად, შენობა საფრთხის შემცველია, მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური პირების მოხვედრა სახიფათოა და საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანების ჯანმრთველობის მდგომარეობის დაზიანება და შენობის განზრახ განადგურება”, – წერს მერია.

ხელშეკრულებით განსაზღვრული დაცვის მომსახურება განხორციელდება 2020 წლის 27 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში ობიექტს, 24 საათიან რეჟიმში ერთი სტაციონალური საგუშაგოთი 6 უმცროსი ინსპექტორი 2 ცვლაში დაიცავს.