გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების 110/40-ზე განაწილება შესთავაზა, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით

685

შემდეგი სტატია

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე.

ახალი ინიციატივა გულისხმობს – პროპორციულით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 110-მდე გაიზრდება, მაჟორიტარულით არჩეული დეპუტატების კი, 40-მდე შემცირდება.

თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, მმართველი გუნდისგან შეთავაზებული ვერანაირი ინიციატივა ვერ იქნება მიღებული, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.

“ახლა გვეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის “ქართული ოცნების” პოზიცია, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილებით და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. 110/40-ზე ვერ იქნება მისაღები, იმიტომ, რომ ეს არ ითვალისწინებს პროპორციული არჩვნების მისწრაფებებს.

თუმცა ,ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით კომპონენტებს შეიტანენ. შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან ვერ იქნება მეორე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე – პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

დღეს ევროკავშირის ელჩის, კარკლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრის მიზანია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვამდე, რომელიც თებერვლის ბოლოს იხურება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მიაღწიონ.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.