ხმალაძე: „სიტი პარკის” ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით უკვე მივმართეთ პარლამენტს

970

ჩვენ სითი პარკს თანხა ნამდვილად გადავუხადეთ, მაგრამ ბიუჯეტის ფული არ გადაგვიხდია, – ამის შესახებ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში “სითი პარკზე” საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, მერიამ „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება კანონიერად გაწყვიტა.

„2018 წლის 10 აპრილიდან დღეის მდგომარეობით, თითქმის ორი წლის განმავლობაში, ამ სისტემას მართავს და სისტემიდან მიღებულ შემოსავალს იღებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც საბოლოო ჯამში, დამატებითი შემოსავლის სახით, დაახლოებით 11 მილიონი ლარი მიიღო. უფრო გასაგები რომ იყოს, იმის გამო, რომ „სიტი პარკთან“კონტრაქტი გაწყდა და მათ მიერ ასეღები ფული წამოიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რაც დაახლოებით 11 მილიონი ლარია. სწორედ ის ფული გადავუხადეთ „სიტი პარკს“, რაც პარკირების სისტემის ოპერირებიდან ჩვენ დამატებით მივიღეთ“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, ეს სისტემა „სიტი პარკს“ კიდევ ხუთი წელი უნდა ემართა. ვიცე-პრემიერის თქმით, დღევანდელი ფაქტობრივი პარამეტრების თანახმად, ეს საქმიანობა, მუნიციპალიტეტს დაახლოებით 25 მილიონ ლარს დამატებით მოგებას მისცემს, რაც მუნიციპალიტეტის მიზნებს მოხმარდება.

„გარდა ამისა, ჩვენ „სიტი პარკისგან“ გადმოვიბარეთ, ის მატერიალური აქტივები, რომელიც სისტემის სამართავად გვჭირდება, მათ შორის 9 ევაკუატორი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. დამატებით გადმოვიბარეთ, მოქალაქეებისთვის ჯარიმების მოთხოვნის უფლება და ამ ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით უკვე მივმართეთ პარლამენტს. დიდი იმედი გვავქვს, რომ პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და მოქალაქეებს მოეხსნებათ რამდენიმე მილიონიანი ვალდებულება“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.