მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

66

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის პროექტის განხორციელებით, გადასასვლელის ქვეშ განთავსებულ კომერციულ ფართებს წვიმის შედეგად დატბორვის პრობლემა მოუგვარდება.

„წლების განმავლობაში აქ იყო ძალიან დიდი პრობლემა, რადგან მიწის ქვეშ განთავსებულ სავაჭრო ფართებში ყოველი წვიმის შემდეგ ჩადიოდა წყალი. ეს პრობლემა უკვე მოიხსნა, რადგან გაკეთდა შესაბამისი ჰიდროიზოლაცია, მოეწყო ახალი გადახურვის ფილები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიწის საექსკავაციო სამუშაოების დროს, დაახლოებით, 8 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ძველი კომუნიკაცია, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა სიღრმიდან გამომდინარე. ამან გამოიწვია სამუშაოების ორი კვირით გაჭიანურება. ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები, დაახლოებით ორ-სამ კვირაში დასრულდება და მოძრაობა გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ჰიდროიზოლაცია მოეწყო გადასასვლელის კედლებზე და გადახურვის ფილაზე. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა დამცავი რკინა-ბეტონის შემასწორებელი ფენა, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი.

მიწისქვეშა გადასასვლელის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის არსებული კომუნიკაციები გადატანილია სხვა ლოკაციაზე, რათა დაზიანების შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნას გადასასვლელის მდგრადობას. ადგილზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია.