გორის მერი წლის ბოლომდე ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას გეგმავს

718

გორის მერი წლის ბოლომდე ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას და ხალხის დასაქმებას აანონსებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციის დამტკიცება განაპირობებს, რომელსაც მერია ცენტრიდან ელოდება. თავზარაშვილის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდიც გათვლილია, რომელიც ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე გაიწერება.

“იცით, რომ 30 ტრანსპორტისთვის ვაშენებთ გორში ავტოსადგომს, ვფიქრობთ, რომ შევქმნით ახალ ა(ა)იპ-ს. რა თქმა უნდა გათვალისწინებულია კადრები, რომლებიც დაჭირდება ავტოტრანსპორტის მომსახურებას. პარალელურად ველოდებით კანონის დამტკიცებას ტრანსპორტის რეგულაციის შესახებ, რომელიც შესულია პარლამენტში და სულ მალე დამტკიცდება. ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მოვახმაროთ ჩვენს მოსახლეობას, ამისთვის ვფიქრობთ, ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას, რომელიც სწორედ ამ ავტოსადგომისა და მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციისთვის იქნება განკუთვნილი. რა თქმა უნდა ეს 30  ავტობუსი მთლიანად მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ შემდეგ თანდათან ამ ამ მიმართულებით გავფართოვდებით,”-აცხადებს გორის მერი.