მარგველაშვილი: “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს

654

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგმა მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა და, ამასთან, ვეტოს დადების მიზეზი განმარტა.

“მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც, ერთი მხრივ, ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორე მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკო-ს შემადგენლობაში. ესეც რეალურად, ერთი მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორე მხრივ, ასუსტებს ცესკო-ს მიმართ ნდობის ხარისხს. ორივე კანონის სულისკვეთება, ჩემი შეხედულებით, ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მომენტი, რატომაც ეს კანონები მიუღებელია, არის მათი მიღების დაჩქარებული ფორმა და დრო.

“მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მოგვიწოდებდა, საარჩევნო წელიწადს არ მომხდარიყო ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო გარემოს, არადა, ორივე კანონი, ამ შემთხვევაში, საარჩევნო გარემოს ეხება, ამ წლის განმავლობაშიც არ უნდა მიღებულიყო. ამ შემთხვევაში კი მიღებულია არჩევნებამდე სულ სამი თვით ადრე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი